Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: გაბუნიას არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს მედიას


„ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მანამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

„გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ, “ - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG