Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ სახელმწიფოს მოქალაქე ნ. გოგუაძის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდა დააკისრა   


2019 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა და ამავდროულად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება.

საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივანი, ნიკოლოზ გოგუაძე 24 კაცთან ერთად, 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა დაკავებულები ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მომჩივნის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

წინამდებარე გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ საქმეში არსებული ობიექტური მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 2011 წლის 26-27 მაისს მომჩივანმა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო მრავალი სახის დაზიანება სახისა და ტანის არეში, რომელიც მას დაკავებამდე არ ჰქონდა. ამასთან, სახელმწიფომ ვერ შეძლო, წარმოედგინა დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები.

მოცემულ საქმეში ასევე, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, გამოძიება, რომელიც 2011 წლის ივნისში დაიწყო, თითქმის 8 წლის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ ვერ შეძლო წარმოედგინა დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რით იყო გამოწვეული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აღნიშნული უმოქმედობა.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიყენებული მორალური ზიანისთვის მომჩივნის სასარგებლოდ 10000 ევროს გადახდა დააკისრა. ნიკოლოზ გოგუაძის ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა".

საია აპირებს აქტიურად დააკვირდეს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესასრულებლად გატარებულ ზომებს.

XS
SM
MD
LG