Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე: „ოცნების“ სამი დეპუტატი აქციის დარბევის დაგეგმვაში მონაწილეობდა


დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი 20 ივნისს, ღამით. პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, საპროტესტო აქციის დარბევის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ, - უთხრა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

„ღამით, ვიდრე დაიწყებოდა დარბევა და ძალის გამოყენება, პარლამენტის შენობაში, მე-4 სართულზე მოსული იყვნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30-კაციანი დაცვით. იქ იყო ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

სწორედ იქ დაიგეგმა დარბევა. არ არის მხოლოდ გახარია დამნაშავე. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სამმა დეპუტატმა, რომლებიც პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ დარბევის პროცესის დაგეგმვაში... უგუნური გადაწყვეტილებებისა და არაპროფესიონალიზმის გამო დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი“, - აცხადებს გოცირიძე.

მისი განცხადებით, მრავალრიცხოვანმა დაცვამ არ მიუშვა დეპუტატები შს მინისტრთან და პრემიერთან სასაუბროდ, ხოლო პარლამენტში მათი მოსვლის შემდეგ, ნახევარ საათში დაიწყო აქციის დარბევა.

„მივმართე პროკურატურას, რომ არის ახალი გარემოებები - ჩვენ ვნახეთ ისინი და ფაქტებიც გადაღებულია ვიდეოზე... ეს სამი დეპუტატი უნდა დაკითხოს პროკურატურამ. დეპუტატის პირდაპირი უფლებამოსილება არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეებში ჩარევა“, - განაცხადა გოცირიძემ.

XS
SM
MD
LG