ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტისგან მოითხოვს, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი და დადგინდეს ყოველწლიურად მართლაც ხმარდება, თუ არა დაახლოებით 350-400 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს.
"როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის ხარჯზე „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებაზე, საქმე გვაქვს ძალიან სისტემურ და კარგად ორგანიზებულ კორუფციულ დანაშაულთან. ვგულისხმობ ასეულობით მილიონი ლარის მოხმარებას ბიუჯეტიდან „ქართული ოცნების" აქტივისტებზე. ამას ადასტურებს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მხრიდან კანონმდებლობის უხეში დარღვევა - უარის თქმა დეპუტატებისთვის, რომ მათ იცოდნენ რამდენი ასეული მილიონი ლარი იხარჯება თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში შრომით ანაზღურებაზე" - განაცხადა 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძემ.
მისი შეფასებით, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ მოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიმართავენ პროკურატურასაც გამოიძოს, რატომ არსებობს ქვეყანაში ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პირები არ მუშაობენ, მათ "ქართული ოცნება" იყენებს პარტიული მიზნებისთვის, ხოლო ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.
„ევროპული საქართველო“ მმართველ პარტიას ნეპოტიზმშიც ადანაშაულებს. პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით, რომ „ცოლის ნათესავი არ არის ნათესავი" და ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც კადრების შერჩევა ხდება "ნათესაობა-მეგობრობის" პრინციპით.
„მაგალითისთვის, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა თვის ბიძაშვილს ზურა ტაბაღუას ნიშნავს ყველაზე მაღალბიუჯეტიან, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურში. ასევე მძიმე ფაქტებია ქუთაისში, სადაც გუბერნატორის მოადგილეებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში და სსიპ-ებში. გარდა ამისა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სიდედრი მაია ფოფხაძე ქუთაისის 58-ე საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. აგრეთვე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა რამაზ ჩხიკვაძემ საკუთრი ძმა დანიშნა სპორტის სასახლის დირექტორად", - განაცხადა ნადირაშვილმა. მისივე ინფორმაციით, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ გამგეობაში სამსახური მისცა მერის, კახა კალაძის ცოლის ნათესავებს.