Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს "ქართულ ოცნებას"


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია “ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ხმების მობილიზების მიზნით ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ოქროყანაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამი წლის წინ დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია პირდებიან მის გათავისუფლებას და ამჯერად, ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ.

„ოქროყანაში „ქართული ოცნების“ სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად „კალაბოკა.“ ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დაააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას“ - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობლებს დაუკავშირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და გააფრთხილეს, რომ თუ მეორე ტურში ხმას ლადო კახაძეს მისცემენ, მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში.

„ევროპულ საქართვლოში“ აცხადებენ იმასაც, რომ ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

„შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მან მოუწოდა შსს-ს და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარი ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.

9 ივნისს, მთაწმინდის ოლქში გაიმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობენ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე.

XS
SM
MD
LG