Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: ზუგდიდის საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია


ანა მიქელაძე
ანა მიქელაძე

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) კანონთან შესაბამისი ქმედება უწოდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უბნებისთვის სამაგიდო სიების და ბეჭდების გადაცემას კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 14 მაისს, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის, კერძოდ, სამაგიდო სიების და საუბნო საარჩევნო კომისიების და რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემის პროცესმა.

„გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს“ - თქვა ანა მიქელაძემ.

ცესკოს ცალსახა პოზიციაა, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. სპიკერის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს, კონკრეტულად ზუგდიდის ოლქში კი, საარჩევნო უბნების რაოდენობის მიხედვით ეს პროცესი გადანაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ.

„კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის, მათ შორის სამაგიდე ვერსიის გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, ანუ ამ შემთხვევაში, ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა. ანა მიქელაძის ინფორმაციით, უბნებისთვის გადაცემული კომისიის და რეგისტრატორის ბეჭდები კანონის შესაბამისადაა დალუქული, მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და რაიმე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია.

ცესკოს სპიკერის განმარტებით, ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც.

XS
SM
MD
LG