Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: არ მგონია საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა, პროვოკაციად იყოს აღქმული. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე.

„არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა გაძლიერდეს აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობა.

"ამერიკის ხმის" შეკითხვას, რას ისურვებდა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუკეთოს? პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არაა. იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მეტის საკეთებლად ყოველთვის მზად არიან, ვფიქრობ ჩვენ მეტის მიღება შეგვიძლია დამატებით პირდაპირი თანამშროლმლობით და არა მხოლოდ ნატოსთან. მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ნატოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში, ან ეს შესაძლოა ორმხრივი თანამშრომლობაც იყოს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო. ამ პრობლემისთვის თავის გართმევა ეროვნულ დონეზე რთული ამოცანაა. ჩვენ ბევრი ახალი ფორმის თანამშრომლობის დაწყება გვჭირდება.“

შეკითხვას, არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი? პრეზიდენტმა უპასუხა: აბა სხვა ვინ?

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა როგორ აპირებს საქართველო აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე დაყრდნობით.

„ვფიქრობ, ამას უკვე ვხედავთ შავ ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალების გემების რაოდენობის გაზრდით. მიმაჩნია, რომ შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შავი ზღვა ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს. სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად ეს ერთ-ერთი გზაა. და რა თქმა უნდა, პირდაპირი სამხედრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან იმისთვის, რომ მეტად მოვემზადოთ თავდაცვის სფეროში. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG