სლოვაკეთის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, მიროსლავ მარჩეკმა აღიარა ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობა. ამის შესახებ იტყობინება პორტალი aktuality.sk, რომლისთვისაც მუშაობდა კუციაკი.
ჟურნალისტი და მისი საცოლე 2018 წლის 25 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საკუთარ სახლში, ბრატისლავიდან 65 კილომეტრზე. უკანასკნელ მასალაში, რომელზეცმუშაობდა კუციაკი სიკვდილის წინ, ის იძიებდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კავშირებს იტალიურ მაფიასთან. კუციაკის დაუმთავრებელი სტატია უკვე მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს და მოგვიანებით პატიმრობა მიუსაჯეს ოთხ ადამიანს, მათ შორის მიროსლავ მარჩეკს.
გამოძიება მკვლელობის დამკვეთად მიიჩნევს ბიზნესმენს, მულტიმილიონერ მარიან კოჩნერს.
იან კუციაკის მკვლელობამ და მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულმა სტატიებმა გამოიწვია ანტისამთავრობო მასობრივი დემონსტრაციები, რასაც მოჰყვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომა.