უკრაინას - ქვეყანას, რომელიც ამ დღეებში საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია მოქცეული საპრეზიდენტო არჩევნების გამო - ერთი სამწუხარო რეკორდი ეკუთვნის: ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ. ბოლო საერთაშორისო კვლევის შედეგებით, უკრაინელების მხოლოდ 9 პროცენტი ენდობა მთავრობას. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კორუფცია სახელდება.
კორუფციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი უკრაინაში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე აგორდა. თებერვლის ბოლოს ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფარდა ახადა უკრაინის სამხედრო ტექნიკისათვის რუსეთიდან სამხედრო ნაწილების შეტანის კონტრაბანდულ სქემას - როგორ იხდიდა სახელმწიფო კომპანია „უკრობორონპრომი“ რეალურ ფასზე 2-ჯერ და 4-ჯერ მეტ თანხას.
გამოძიების თანახმად, 2015 წელს რუსეთიდან კონტრაბანდული სამხედრო ნაწილების შეტანის ორგანიზატორებს შორის იყო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ოლეგ გლადოვსკის, ვაჟი, 22 წლის იგორ გლადკოვსკი, რომელმაც გარიგების შედეგად 30 ათასი დოლარი მიითვისა. უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომ, სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა ოლეგ გლადკოვსკი, თუმცა რუსეთიდან კონტრაბანდის გარშემო ვნებათაღელვა კვლავ გრძელდება.
ევგენი მაგდა, კიევის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:
"იცით, ჩემი აზრით, არის მცდელობა, რომ პოროშენკო საკმაოდ ხელოვნურად დაუკავშირონ სკანდალს უკრაინაში შეიარაღების სფეროს გარშემო. გამომძიებლებს, რომლებმაც აჩვენეს ეს საკმაოდ ცნობილი სიუჟეტი, არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომ პოროშენკოს კავშირი ჰქონდეს ძალაუფლებით რაიმე სახის ბოროტად სარგებლობასთან. მისი ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ თანამდებობაზე დანიშნა ამ სკანდალის ოთხი ფიგურანტიდან ერთ-ერთი ადამიანი. დანარჩენების დანიშვნა პოროშენკოს, უბრალოდ, არ შეეძლო, რადგან ისინი კომერციული სტრუქტურის თანამშრომლები არიან და პრეზიდენტს არ ექვემდებარებიან".
კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. ძნელი წარმოსადგენია საერთაშორისო მედიაში შეგხვდეს უკრაინაში არსებულ ზოგად ვითარებაზე რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, კორუფცია რომ არ იყოს ნახსენები ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
უკრაინაში გამოკითხულთა 91 პროცენტს სჯერა, რომ კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული მმართველ წრეებში,თუმცა ასეთ კრიტიკას გაზვიადებულად მიიჩნევენ უკრაინელი სამართალდამცველები.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ღირსების რევოლუციის" შემდეგ პასუხისგებაში მიეცა პროკურატურის, უშიშროების სამინისტროს, სამართალდამცველი სტრუქტურების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა რანგის 2000-ზე მეტი მოხელე. სხვა ზომებთან ერთად, როგორიცაა პრევენცია და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი რიგის ამოცანად მიიჩნევს სასჯელის გამკაცრებას.
ზორიან შკირიაკი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი:
"ეს არის სისტემური საკითხი, რომლის მხრივაც, ვინც როგორ უნდა ილაპარაკოს, გვაქვს ძალიან დადებითი შედეგები. მე თქვენ ასე გეტყვით, კობა: ეშინიათ, დამიჯერეთ, უკვე ძალიან სერიოზულად ეშინიათ. სხვა საკითხია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი რეალურად მაშინ იქნება , როდესაც ისინი (კორუფციაში ბრალდებულები) 10-15 წლით ჩასხდებიან ციხეში. ბევრი ამის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზულად დაფიქრდება".
კიდევ უფრო სერიოზული დაფიქრება მართებს უკრაინის პოლიტიკურ ელიტას. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თემა წითელ ზოლად გასდევდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, კიევის პარტნიორებს სულ უფრო უჭირთ ასეთი დაპირებების დაჯერება.
"ვხედავ, როგორ ნელდება ევროპაში ენთუზიაზმი. უნდა ავიმაღლოთ ხმა უკრაინისათვის? უნდა გავაგრძელოთ სანქციები? ძალაში უნდა დავტოვოთ წითელი ხაზები? კი, ვიცი, რომ არსებობს ორი წითელი ხაზი: ჩვენი ფასეულობების დაცვა და, მერე, უკრაინის დახმარება. მაგრამ როცა უკრაინას არ ეტყობა პროგრესი კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე, ეს საუცხოო არგუმენტია იმათთვის, ვისაც არ სურს ბრძოლა უკრაინის ინტერესებისათვის“, განაცხადა კერსტი კალულაიდიმ,
ესტონეთის პრეზიდენტმა, 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორიოს კონფერენციის ფარგლებში გამართულ „უკრაინულ სადილზე“.