რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ზადიაანთკარის და ყარაფილის მცხოვრებლები გიორგი ჩიტიშვილი და ალან მარღიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 12 მარტს საღამოს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
როგორც კასპის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დალი კორკომაშვილმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, ახალგაზრდები სოფელში 12 მარტს საღამოს ნახეს, სხვა დეტალები კი უცნობია.
მისი თქმით, საქმის კურსში არიან სამართალდამცველებიც. უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც. საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს. ამჟამად მათი გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.