Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: თუ ანაკლიიდან წასვლა გვაიძულეს ეს იქნება ძალზედ სერიოზული დავა


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ანაკლიის პროექტზე იყო მსჯელობა, თუმცა, ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრობს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.

შეკითხვას, რომ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც ხაზარაძის კომპანიამ გაიმარჯვა და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში და არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესმენი პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთო, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:

„კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით, რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყულია. 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როდესაც დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.“

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე ანაკლიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მამუკა ხაზარაძე.

„შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...“ - ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, თუ ანაკლიის პროქტიდან წასვლა აიძულეს, ეს იქნება ძალზედ წერიოზული დავა და არა „თიბისი ბანკიდან“ წასვლის ტოლფასი ამბავი.

„კვირის პალიტრის“ შეკითხვას, ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის წასვლის შემთხვევაში, შეფერხდება თუ პორტის მშენებლობა, მამუკა ხაზარაძე პასუხობს: „რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით, ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან. არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს.“

„ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპრაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის?! ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“ მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მას „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, დგას თუ არა საკითხი ისე, რომ მამუკა ხაზარაძე უნდა წავიდეს ანაკლიის პორტიდან.

„ამ კითხვაზე პასუხი იმ შეფასებებშია, რომლებიც ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოვისმინეთ. პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, აშენდება პორტი თუ არა, რომ თითქოს რაღაც ვადა გაგრძელდა და ა.შ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ლაპარაკი არ არის სამშენებლო პროცესის გადავადებაზე, ლაპარაკია ბანკებთან ფინანსური საკითხების დახურვის გადავადებაზე და კონკრეტულად 400 მილიონ დოლარზე. ბანკებთან მოლაპარაკება ერთ წლის წინ უნდა დაგვესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვით გადაიდო, ჩვენი რისკით პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ, უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ და სამშენებლო პროცესი ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ზუსტად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ჩვენ რომ დავლოდებოდით ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვას, მაშინ პორტის გახსნა, მინიმუმ, წლინახევრით გადაიდებოდა” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, მართალია, ანაკლიის პროექტის რეალიზების უფლება მოიპოვეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დროს, მაგრამ თითქმის ორი წელი დასჭირდათ სახელმწიფოსთან კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად.

„ბოლოს მოვაწერეთ იმ კონტრაქტს ხელი, რომელსაც მოვაწერეთ, რადგან მეტად დროის გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ან უარი უნდა გვეთქვა, ან დავთანხმებულიყავით იმ იმედით, რომ თუ ამ პროექტს ბანკები მიიღებდნენ დასამუშავებლად, ისინი თავად დაუბრუნდებოდნენ კონტრაქტში არსებულ 8 პუნქტს, რომლებიც ჩვენ წინასწარვე ვიცოდით, რომ მათთვის არ იქნებოდა მისაღები. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. სახელმწიფოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩვენ, როგორც კონსორციუმი, არანაირ ცვლილებას არ ვითხოვთ, ცვლილებებს ბანკები ითხოვენ. ასეთია მათი საერთაშორისო გამოცდილება“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს მიერ ჩადებული თანხა ნულია, ხოლო რაც შეეხება 100 მილიონს, ის ძვირადღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ.

შეკითხვას, ვინმემ პირდაპირ უთხრა თუ არა, რომ ანაკლიის პროექტი უნდა დატოვოს, ხაზარაძე პასუხობს: "არა. ასეთი რამ არ თქმულა. თუმცა არის კითხვა: რატომ დაინტერესდნენ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით იმ დროს, როდესაც ანაკლიის თემა ბოლო ფაზაშია? რატომ შემოვარდა ოთხი უწყება ჩვენს ორგანიზაციაში ზუსტად მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან?"

XS
SM
MD
LG