„ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.
მინისტრი ამბობს, რომ პროექტის გაჭიანურება მხოლოდ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს არ უნდა დაუკავშირდეს. მისი თქმით, ზოგადად, კერძო ბიზნესს მანამდეც უჭირდა კერძო სახსრების მოზიდვა:
„ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ძირითადად კეთდება სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ კერძო სექტორზე დაფუძნებით და დაყრდნობით, ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის, რომ შეესრულებინა ეს პროექტი.
ჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება, კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომლებიც მიდის დღეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ის ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან, მაგრამ საკუთარი კაპიტალის შეგროვება და ლაპარაკი არის 100 მილიონზე, იყო ამ პროცესის და სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული. პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და შეგროვება იყო რთული უკვე რამოდენიმე ხნის განმავლობაში“, - აცხადებს გიორგი ქობულია
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ვადების გაჭიანურებას, ქობულია ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ინვესტორების მიერ საკუთარი მინიმალური კაპიტალის შეტანა მოხდება, სახელმწიფო საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს.
„პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების გაჭიანურება დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ჯერ ის მინიმალური საკუთარი კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს შეტანილი ინვესტორების მიერ, არ არის შეტანილი. ჩვენ დავიწყებთ და შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდა და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობა დაფინანსებაზე“, - აცხადებს მინისტრი.