Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს რუსეთის ინტერესების გატარებაში


ფადი ასლი
ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტს დაეუფლოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის თავიდან მოშორებით.

ფადი ასლის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს ამ სანქციებისთვის გვერდის ავლა შეძლონ „თიბისი ბანკის“ და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით.

ასლის განცხადებითვე, თუ ხაზარაძის და ჯაფარიძის მოშორების მცდელობა წარმატებული იქნება, შემდეგ ეტაპზე მოსალოდნელია „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის შეცვლა ისეთი მმართველობით, რომელიც ივანიშვილის ბრძანებებს შეასრულებს.

„ეს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს მოაქცევს დაკვირვების ქვეშ უცხოეთიდან და საქართველოს თავისი რეპუტაციის ფასად დაუჯდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ასლის ინფორმაციით, პირველი სცენარი მოიცავს პორტის სრულად შეჩერებას, რადგან ეს პროექტი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხოლო მეორე სცენარით, ივანიშვილი შეეცდება ჯაფარიძისა და ხაზარაძის რეპუტაციის შელახვით და ფულის გათეთრების მძიმე ბრალდებების წაყენებით დააშინოს ანაკლიის პორტის პოტენციური პარტნიორები.

ფადი ასლის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილი თავისი ინტერესებისთვის იყენებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომლის გადაწყვეტილებები „თიბისი ბანკის“ მიმართ უკანონოა. ფადი ასლი თავის წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ზეწოლის ქვეშაა.

14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.

„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში 15 თებერვალს გაასაჩივრა.

XS
SM
MD
LG