საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებით იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად. ამავე განცხადებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
”ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე."-აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს.