საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც აფასებს პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ანგარიშის „თავისუფლება მსოფლიოში 2019“ თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად, თუმცა მისი საერთო ქულა გაუარესდა. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოს 100 საუკეთესოდან 63 ქულა აქვს. ორგანიზაციის წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საერთო ქულა 64 იყო.
„ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებათა მდგომარეობა 3-3 ქულით შეაფასა. საქართველოს ასეთივე შეფასება ჰქონდა წინა ანგარიშშიც. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასების სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი 1 ქულით აღინიშნება, ყველაზე ცუდი კი, 7-ით.