Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ხურვალეთთან ახალი მავთულხლართები გაჩნდა


ხურვალეთი
ხურვალეთი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართი გაავლეს და ადგილობრივი ოჯახის, ბატონისაშვილების ბაღი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს - ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ გაავრცელა. ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები ჩავიდნენ და მავთულხლართები მათაც დააფიქსირეს, გარდა ამისა ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გათხრილ სანგარში მათ რუსეთის მესაზღვრეებიც შენიშნეს, რომლებიც კონტაქტზე არ გამოსულან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კი სოფელ ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება მოხდა.

„მიმდინარე წლის 21 იანვარს, ძუკაანთკარში მოხდა უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული ინციდენტები განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე“, - აცხადებენ სუს-ში.

წნელისის ტყეში საღებავით მონიშნული ხეები
წნელისის ტყეში საღებავით მონიშნული ხეები

დღესვე ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარელის რაიონის სოფელ კოდას სიახლოვეს, საოკუპაციო ძალები ახალი ტერიტორიების მისატაცებლად ემზადებიან, მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით სოფელ წნელისთან მათ ტყეში გზა უკვე გაიყვანეს და ხეები ყვითელი საღებავით მონიშნეს, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ აქ ახალი საოკუპაციო ხაზი გავა და ქართული სოფლები რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწას კიდევ დაკარგავენ.

XS
SM
MD
LG