თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე გაამართლა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება ედავება ქვემო ქართლის გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ საპროეტსტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. ამ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.