საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაავალა თავმჯდომარის მოადგილეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს. გადაწყვეტილება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი დეპუტატი, უმრავლესობის წარმომადგენელი ბიძინა გეგიძე.
დეკემბრის ბოლოს, როცა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა ეკა ბესელიამ, მისი წარდგინებით, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია გედევან ფოფხაძე, რომელსაც ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა. თუმცა, იანვრის დასაწყისში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება და მიზეზად დაასახელა გედევან ფოფხაძის არჩევამდე საკითხის გუნდთან შეუთანხმებლობა და პროცედურის დარღვევა.