პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია რატომ დაუკავშირა 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეთა არჩევის საკითხს, რადგან ივანიშვილის თქმით, 26 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობას უკვე მიღებული ჰქონდა განხილვის გადადების გადაწყვეტილება. 10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომის და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გადანაცვლების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში იყო მიღებული.
„აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი. ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კიდევ უფრო გაუგებარს უწოდებს ბესელიას მიერ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს. „რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ. გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი“ - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.