Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქალთა მოძრაობა" ეკონომიკის მინისტრს პასუხობს


ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ დიასახლისების ნაწილს მუშაობა არ სურს, "ქალთა მოძრაობა" გამოეხმაურა. საგანგებო განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ქალების დიდი ნაწილი ანაზღაურებად შრომაში არ არის ჩაბმული, მაგრამ ამ რეალობის მიზეზი, სიზარმაცე არ არის. ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ ამის მიზეზები „იმაზე მეტად კომპლექსური და მძიმეა, ვიდრე ეს ღატაკი ქვეყნის მინისტრს წარმოუდგენია“.

განცხადებაში მოყვანილია უახლესი მონაცემები, რომელთა თანახმად, ქალები, რომლებსაც მინისტრის აზრით „მუშაობა არ უნდათ“, კაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობას იმისდა მიუხედავად, დასაქმებულნი არიან თუ არა:

„ქალები საქართველოში კვირაში 45 საათს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, რაც სრული განაკვეთით შრომის საათებს აღემატება. დასაქმებული ქალები, საშუალოდ, 42 საათს უთმობენ საოჯახო შრომას - რაც მიუთითებს, რომ ისინი ორმაგ შრომით ტვირთს ატარებენ. იმ ქალების 49%, რომელიც აცხადებს, რომ არ მუშაობს, ამის მიზეზად საოჯახო ვალდებულებებს ასახელებს. ყველაზე მაღალი განსხვავება ქალისა და კაცის დასაქმების დონეებს შორის შეინიშნება 25-44 წლის ასაკში, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ქალებს უჭირთ ბავშვის აღზრდისა და დასაქმების შეთავსება. 44 წლის შემდეგ ქალების დასაქმების დონე მატულობს (UN Women, CRRC 2018). საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და დეკრეტული შვებულება მთავარი საკითხებია გადასაწყვეტ პრობლემათა შორის“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ქალთა მოძრაობა ასევე წერს, რომ საქართველოში, ყოველ მეხუთე ქალს, რომელიც არ მუშაობს, მუშაობის უფლებას ქმარი არ აძლევს.

„გიორგი ქობულიას ასევე შევახსენებთ, რომ საქართველოში ანაზღაურებადი სამსახური ქალებისათვის, ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციული და მტრულია. ყოველი მეხუთე ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია (ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, 2017), ხოლო დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები (UN Women, CRRC). სინამდვილეში ამ ქალების ერთ-ერთი ძირითადი დემოტივატორი არასაკმარისი ანაზღაურებაა“, - წერს "ქალთა მოძრაობა". მოძრაობის წევრები ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებენ იმუშაოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო სტრატეგიაზე და იზრუნოს იმაზე, რომ ქალების არაანაზღაურებადი შრომა სახელმწიფომ გადაინაწილოს.

XS
SM
MD
LG