1 დეკემბერს ერთი წელი გავიდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებიდან, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა. დადუნაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი მოზარდი. გამოძიებას დღემდე არ დაუკავებია დავით სარალიძის მკვლელები.
„ერთი წელი გავიდა და შედეგი არ არის, დაგვცინიან... არანაირი კანონის უზენაესობა არ არსებობს. ბოლომდე მკვლელებს მფარველობენ და კბილებით იცავენ“, - განაცხადა დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მედიასთან საუბრისას. საკუთარი ფეისბუკის გვერდზე კი დაწერა: „ერთი წელი გავიდა... და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა,ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა, მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო“.
2017 წლის 1 დეკემბერს, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება შუადღისას დაიწყო. საქმის გარჩევა ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი ეზოს ფარდულში გაგრძელდა, სადაც მოკლეს კიდეც დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი.
ამ მკვლელობას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, საქმის ბოლომდე გამოძიების მოთხოვნით მოეწყო არაერთი ხალხმრავალი აქცია პროკურატურასთან, პარლამენტთან, თუმცა როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მკვლელები ისევ გარეთ დადიან.
საქმე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც შეისწავლა და რეკომენდაციები საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნა. ოპოზიცია ამ დრომდე მოითხოვს პასუხებს სამართალდამცავი ორგანოებისგან.
უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე და მისი თანამოაზრეები, მათ შორის, პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მკვლელების დასჯას მოითხოვენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები, სადაც სიმართლის დადგენის მოთხოვნით ადამიანები ისევ ათევენ ღამეებს.