Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იბერიის" ჟურნალისტი ტელეკომპანიის მფლობელებს ადანაშაულებს


ვახო ხუზმიაშვილი
ვახო ხუზმიაშვილი

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი არხის მფლობელებს ბრალს სდებს თანამშრომლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და შრომითი უფლებების დარღვევაში. „თვენახევარია ვიყენებ აბსოლუტურ პაუზას, არ მინდოდა არანაირი განცხადების გაკეთება და ბოლომდე მინდოდა დავლოდებოდი ყველანაირ ფორმალობას“ - თქვა ხუზმიაშვილმა თბილსიში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და აქვთ კრედიტები, თვენახევარია იმყოფებიან უმძიმეს მდგომარეობაში, თუმცა, „იბერიის“ დამფუძნებლებმა თავი ვალდებულად არ ჩათვალეს, რომ თუ საკმარისი ფინანსები არ ჰქონდათ, ჟურნალისტებისთვის მადლობა მაინც ეთქვათ. „როცა, გაჩერდა ტელევიზია, იმ დღეს ჟურნალისტებს არავინ შეხვდა. მეორე დღეს, როცა ეს შეხვედრა გაიმართა ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ეს იყო ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა არ უნდა მოთხოვონ ფული ხელისუფლებას, ფული უნდა გადაიხდოს მან, ვინც დაიქირავა ეს ჟურნალისტები. მგონია, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ „იბერიის“ დამფუძნებლები. ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ და ბოლოს აღმოვჩნდით ქუჩაში და მადლობაც არავინ გვითხრა“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა. მან მხარი დაუჭირა ტელეკომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ კუთვნილი ხელფასის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიმართონ.

ვახო ხუზმიაშვილმა უარყო „იბერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, პარლამენტის დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადება, რომ ის ჟურნალისტებს აქეზებს საპროტესტო აქციების გასამართად. „ნატო ჩხეიძეს ალბათ, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტებზე. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის რომ ვიღაცის მილიონები დაგვეცვა, ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე. შეგვესრულებინა პროფესიული მოვალეობა. ყველაგფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ დახურულიყო ტელეკომპანია „იბერია“. ვმუშაობდით 24-საათიან რეჟიმში და ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ მადლობა, გამოგვყარეს ქუჩაში“ - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა. მისივე თქმით, ნატო ჩხეიძე იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და წესით, უნდა იცოდეს, რომ კომპანიამ თანამშრომლებს დავალიანება უნდა გაუსტუმროს, პარლამენტის წევრი კანონს არ უნდა არღვევდეს და ჟურნალისტებს არ უნდა უწევდეთ ქუჩა-ქუჩა სიარული.

16 ოქტომბერს, როცა „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. „გადაუკეტა სასიცოცხლო არტერია და გაჩერდა “იბერია.” მაგრამ... მედიასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. საკუთრებასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. მშრომელ და პროფესიონალ ხალხთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. არ ელოდებიან კი... ვერ წარმოუდგენიათ კი... სულ ტყუილად არ ელოდებიან! სულ ამაოდ ვერ წარმოუდგენიათ“, - წერდა ნატო ჩხეიძე. „ომეგა-ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იბერიაცაა“ ხელისუფლებას ბრალს სდებდა ბიზნესზე ზეწოლასა და ფინანსური პრობლემების შექმნის გზით კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის დახურვაში. საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ „ომეგა-ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მედიასაშუალების გამოყენებით და შანტაჟით ცდილობს თავი აარიდოს 50 მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.

XS
SM
MD
LG