Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად უკვე გამოძიების შედეგებს გვიცხადებს


ეკა გიგაური
ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ დამალავდნენ მიღებულ ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით პირადობის ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ.

„მაშინ, როცა გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად უკვე გამოძიების შედეგებს გვიცხადებს და ასკვნის, რომ ტყუილია იმ შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მისივე თანამშრომელმა მოგვაწოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში არსებულ სავარაუდო უკანონო სქემაზე. ამ ამბავს ჩვენ ნამდვილად ვერ დავმალავდით და ამიტომაც აუცილებლად ჩავთვალეთ მისი გამჟღავნება და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მივმართეთ გამოძიებას“ - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ეკა გიგაურმა. მისი განმარტებით, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდნენ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას, ხოლო მეორე მხრივ, პრევენციას და გაფრთხილებას, რომ თუკი ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების გეგმა მართლაც ვინმეს გააჩნდა, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე. „ჩვენ ყველა ის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, რომელიც გაგვაჩნდა. არ დავასახელეთ მხოლოდ წყარო, მისივე უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მოტივით და ამ საერთაშორისო სტანდარტს ჩვენ დავიცავთ. ჩვენი რესურსებით რაც შევძელით, გადავამოწმეთ ორი პირის მივლინების საკითხი, რაც მოგვიანებით რეესტრის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს“ - განაცხადა გიგაურმა. მან აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოითხოვენ საქმის გახსნას, მაშინ, როცა ეს გამოძიების პირდაპირი მოვალეობაა, წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში კი საკმარისი ცნობებია იმისთვის, რომ ნების არსებობის შემთხვევაში, ობიექტურმა გამოძიებამ საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს. „თუმცა სამწუხაროდ, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

XS
SM
MD
LG