Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა მოიპოვოს


ეკა გიგაური
ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ წარმოადგენენ საარჩევნოდ პირადობის ყალბი მოწმობების დაბეჭდვის მტკიცებულებებს იმ მარტივი მიზეზით, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის საგამოძიებო ორგანო. მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის დაწყებამდე გიგაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად. “მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ საგამოძიებო ორგანოებმა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ ინფორმაციაზე - როდის, რა პირობებში, რა შეხვედრები იყო, ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და ა.შ. დანარჩენი უკვე საგამოძიებო ორგანოებზეა დამოკიდებული, რომ გამოიძიონ. კამერებიც იყო იმ ადგილზე, სადაც ეს თათბირი ჩატარდა და შესაბამისად, ადამიანების გადაადგილებაც შეუძლიათ დაადგინონ. მით უმეტეს, რომ ჩვენ კონკრეტული ადამიანების მივლინებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ", - განაცხადა გიგაურმა. მისივე თქმით, არ აპირებს პროკურატურის წარმომადგენლებს დაუსახელოს ინფორმაციის წყარო. ეკა გიგაურის განცხადებითვე, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით - წალენჯიხა და გარდაბანი. დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებშიც“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

XS
SM
MD
LG