საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების 20 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსი“ მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აცხადებენ პროკურატურაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ - პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გაუგონარ, აბსურდულ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას. სოსო გიორგაძის თქმით, მათ უკვე მიმართეს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს თუ რაზე დაყრდნობით განახორციელეს ასეთი ცილისწამება იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებში. თითოეული ჩვენთაგანი ვართ შეურაცხყოფილნი იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო მიაყენეს ჩრდილი ჩვენს რეპუტაციას“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე.