რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილი აქცია "კარვებით დავიცავთ თავისუფლებას". აქცია იმართება მოკლული მოზარდების მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად.
აქციაზე დაბრუნდა ზაზა სარალიძე, რომელიც მანამდე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. სარალიძემ კვლავ გაიმეორა თავისი მთავარი მოთხოვნა - დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებს.
მანამდე, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები კარვების გაშლას შეეცადნენ, მოხდა პოლიციასთან შეტაკება, რის დროსაც შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ თავად სარალიძე.
მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა მოახერხეს რამდენიმე კარვის გაშლა.
როგორც კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი პოლიცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კარვების დადგმას დაუშვებს, გაჩნდება კითხვა, თუ რატომ არა აქვთ ამის უფლება ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს. თუკი სამოქალაქო სექტორსაც ააღებინებენ კარვებს, მაშინ კიდევ უფრო აშკარა გახდება, რომ ხელისუფლება არღვევს მომიტინგეთა კონსტიტუციურ უფლებას.