დღეიდან ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ვრცელდება 700-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე. მათ შორის არიან ირანის ძირითადი ბანკები და ნავთობის ექსპორტიორი და სანაოსნო კომპანიები. სანქციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ისედაც კრიზისში მყოფი ირანული ეკონომიკის სრული პარალიზება. ამერიკული სანქციები ვრცელდება იმ ქვეყნებსა და კომპანიებზეც, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა, რომ აშშ ტოვებს დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, თეირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ გაუქმდა ირანის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები. ტრამპის პოზიციას, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არღვევს, არ ეთანხმებიან დოკუმენტის ხელმომწერი სხვა ქვეყნები. თავის მხრივ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციების მიზანია შეწყდეს ირანის მტრული მოქმედებები, მათ შორის კიბერთავდასხმები, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ახლო აღმოსავლეთში მოქმედი რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერა.
სანქციების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს, ირანში გაიმართა მრავალათასიანი ანტიამერიკული დემონსტრაციები. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაწვეს შეერთებული შტატების დროშები და ამერიკული დოლარები.