გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ „საგანგებო რეჟიმზე“ გადასვლის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტი გეგმავს ტელეკომპანია „იმედის“ დატოვებას. „იმედიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ. ჟურნალისტების სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გადაცემის პროდიუსერი ნათია სორდია. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, „მართა არდაშელია რიგაში მიდის ათი დღით სემინარზე. დანარჩენი ჟურნალისტები ჩვეულებრივ მუშაობენ“. გადაცემა „იმედის კვირის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა 2 ნოემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან ერთთვიანი შვებულება აიღო.
30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადადის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზეზად დასახელებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ხიფათი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, რომელიც „ძალადობას, ბიზნესის წართმევას, ტელევიზიაში შეჭრას“ ისევ „რეალობად აქცევს“.