Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელებმა გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა დაუდასტურეს


გირგოლ ვაშაძე
გირგოლ ვაშაძე

საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს. შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ვაშაძისადმი მხარდაჭერა არჩევნების დღესვე გამოხატეს და ხაზი გაუსვეს ვითარებას, როცა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ მას ვერ ხედავს საპრეზიდენტო სავარძელში. სამნიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ოპოზიციური კანდიდატისადმი. რესპუბლიკელთა ლიდერის განცხადებით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეაქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება და სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის. სამნიძის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილს უთხრა უარი და თქვა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.

გრიგოლ ვაშაძემ "რესპუბლიკურ პარტიას" მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც მისი თქმით, მორალურ-ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს ოპოზიციის კამპანიაში. ვაშაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, სადაც სრული თანხვედრა აქვთ - ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაცია, სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება. „რაც მთავარია, რესპუბლიკური პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც ნებსით, თუ უნებლიეთ ბადებს ერთპროვნულ, ან ერთპარტიულ მმართველობას. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

2012-2016 წლებში "რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში იყო "ქართულ ოცნებასთან."

XS
SM
MD
LG