გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი წაუყენებია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილი უთხრა. მისი თქმით, დაკავებული მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.
,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“ - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.
გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია: „ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციაში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო.“ - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, ასევე ნახსენებია სახალხო დამცველის 2004 წლის განცხადებაში. მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მისი ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევას სთხოვდა. დაკავებული, რომელიც 2004 წელს 22 წლის იყო, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, დროებითი დაკავების საკანში, სასტიკად ნაცემი ნახა. ის ამბობდა, რომ გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალის აღიარების მიზნით სცემეს და დაემუქრნენ.
ი.ნ. 26 ოქტომბერს დააკავეს გორში, 8 წლის გოგონას დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით. ბავშვი გორში 25 ოქტომბერს დღისით გაუჩინარდა. იმავე ღამით, მისი გვამი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.