ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ის კლინიკაში შსს-ს შენობიდან გადაიყვანეს. ნესტან ლონდარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა.
ზაზა სარალიძე რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. ის და მისი თანამოაზრეები წვიმისგან დასაცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.“ შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.“
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ორ თვეზე მეტია აქციებს მართავს პარლამენტის წინ.