Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი ივანიშვილის ინტერვიუს გამო ჟურნალისტებს აკრიტიკებს


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუშინდელი ინტერვიუს დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ემუქრებოდა, ან პრობლემების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობდა.

“როდესაც ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტად მიიჩნევს, ინტერვიუზე პარტიული დღის წესრიგით მიდის და ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ რესპონდენტს კითხვებზე პასუხის გაცემა არ აცალოს, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ინტერვიუში ბევრი რამ იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ის, რაც წინ გველოდება, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანასაც ძალიან სჭირდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ გეგმებზე საუბრობდა და იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტებს ეკითხათ, რას გულისხმობდა ამ ერთწლიან გეგმებში, „პარტიული დღის წესრიგის ფრიალი ვიხილეთ.“ ჩუგოშვილის შეფასებითვე, დისკუსია ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მოსახლეობამ და ამომრჩეველმა საკმარისი ინფორმაცია ვერ მიიღო. „არ მიმაჩნია, რომ გუშინდელ ინტერვიუში ადგილი ჰქონდა პრობლემების “რუსთავის 2“-სთვის გადაბრალებას. საუბარი იყო პრობლემებზე, რაც ქვეყანას ბევრი აქვს, რასაც ყველა ძალიან ნათლად და მკაფიოდ აცნობიერებს, მაგრამ როდესაც ისედაც ღარიბ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში დამატებით ძალიან ისტერიული და დეპრესიული ფონი იქმნება, რაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დღის წესრიგია, მას ამაზე საუბარი მოუწია“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. „კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვას „რუსთავი 2“-ისადმი ბიძინა ივანიშვლის მუქარის შესახებ, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ თუ ტელეკომპანიას ელემენტარული მედიასტანდარტების დაცვისკენ მოწოდება მუქარად მიაჩნია, ეს მისი პრობლემაა.

ჟურნალისტებმა თამარ ჩუგოშვილს ჰკითხეს, უნდა დაისაჯოს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. „ეს არის, სამართლებრივი გამოძიების საკითხი და ვერც მე ვერ დავსჯი და დავიჭერ ვერავის“ - განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისი შეფასებით, ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღებაა ფარცხალაძის თემაზე, ახსენა პროკურორების ჩართულობა და ა.შ. „ამაზე პასუხებს დარწმუნებული ვარ მივიღებთ საკმაოდ მალე. წინასაარჩევნო ისტერიაში ამ პროცესზე სერიოზულად და ნორმალურად საუბარი ხდება უბრალოდ, შეუძლებელი“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და “TV პირველს“ ინტერვიუ 23 ოქტომბერს მისცა.

XS
SM
MD
LG