Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იბერიის" თანამშრომლები ტელეარხის ხელმძღვანელებს სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან


ტელეკომპანია „იბერიის“ შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს სამსახურიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა, რომლებიც სახელფასო დავალიანების გადახდას და ორი თვის კომპენსაციას მოითხოვენ. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაზე "იბერიის“ პირველადი პროფკავშირების ხელმძღვანელმა, გიორგი ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს რამდენიმე დღის წინ წაუყენეს, ამ დრომდე უგულვებელყოფილია და თუ არც უახლოეს დღეებში დაკმაყოფილდება, სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლის, ლავრენტი ალანიას თქმით, არ დაუშვებენ შრომითი უფლებების დარღვევას და არ დააჩაგვრინებენ "იბერიიდან" დათხოვნილ თანამშრომლებს, რომლებსაც ხელმძღვანელები ეუბნებიან, რომ ან ნახატს გაყიდიან, ან მთავრობის კანცელარიაში მივიდნენ და ხელფასს იქ მისცემენ.

აქციის მონაწილის, ჟურნალისტ თორნიკე ხურციძის ინფორმაციით, „იბერიის“ თანამშრომლები მზად იყვნენ გარკვეული დროის განმავლობაში უხელფასოდაც ემუშავათ, რასაც არხის ხელმძღვანელები არ დათანხმდნენ. აქციის მსვლელობისას ოპერატორმა თემო დეკანოიძემ განაცხადა, რომ გუშინ ტელეკომპანიის შენობასთან „რუსთავი 2“-ის ავტომანქანაში ჩატვირთეს „იბერიის“ ტექნიკა - შტატივები და პირდაპირი ჩართვის აპარატურა, რომელიც სავარაუდოდ, საარჩევნოდ ან ათხოვეს, ან მიაქირავეს.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა 16 ოქტომბრიდან შეწყვიტა. არხის მფლობელი „ომეგა ჯგუფი“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ბიზნესზე ზეწოლასა და ფინანსური პრობლემების შექმნის გზით კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის დახურვაში. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ „ომეგა-ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მედიასაშუალების გამოყენებით და შანტაჟით ცდილობს თავი აარიდოს 50 მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.

XS
SM
MD
LG