ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა 22 ოქტომბერს შუადღისას, წვიმის დროს პარლამენტის შენობის თაღების ქვეშ შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა. „მამები სიმართლისათვის“ აქციის მონაწილეებმა, შესაბამისად, განმარტეს, რომ ამით პოლიციამ კიდევ ერთხელ დაარღვია პირობა, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ მათ ცუდ ამინდში შეეძლებოდათ პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე, თაღებისთვის ქვეშ თავის შეფარება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პოლიციამ პარლამენტის თაღების ქვეშ აქციის მონაწილეთა დროებითი განთავსების სანაცვლოდ დროშებისაგან შეკრული კონსტრუქციის დაშლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის შენობის წინ საწვიმარი კარვის გაშლის უფლების შეზღუდვით, სახელმწიფო მოქალაქეებს შეკრების თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავს.
კარავი არის ისეთი ატრიბუტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას შეკრება-მანიფესტაციების დროს. სახალხო დამცველს წინა წლებშიც და წელსაც არაერთი განცხადება აქვს ამასთან დაკავშირებით გაკეთებული. კარვის გაშლა არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავალი ნაწილის ბლოკირებას, მაგრამ როცა საქმე ეხება ტროტუარს, იქ კარავთან დაკავშირებით კანონი შეზღუდვას არ აწესებს. შეზღუდვა კანონში არ არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ხორციელდება და ამიტომ მოვითხოვთ იმ ნორმის გაუქმებას, რომელზეც აპელირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ამბობს გია ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.
ნორმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლი. სახალხო დამცველის თანახმად, მანიფესტაციების გამართვის დროს კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების აკრძალვა არ ექცევა აღნიშნული კოდექსის რეგულირების სფეროში. ამის მიუხედავად, სახალხო დამცველმა ამ რამდენიმე დღის წინ მაინც საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სადავო ნორმის განმარტების კონსტიტუციურობა. იმავე საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, მეგობრის სტატუსით, თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავადაც გაასაჩივრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიმდინარე წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მათ პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მიეცათ.