Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა სუბელიანი: „ვიტყვი, მერე არკვიონ რა არის სიმართლე და რა ტყუილი...“


მირზა სუბელიანი სასამართლოზე
მირზა სუბელიანი სასამართლოზე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალა, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ბრალდებული მირზა სუბელიანის და საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს. გთავაზობთ აუდიოჩანაწერის ტექსტურ ვერსიას, სტილი დაცულია.

ვ.ჯ. - რას შვები... მითხრეს, რომ კვებაზე გაქვს პრობლემები... რა ხდება ცუდი საჭმელია?

მ.ს. - რა უნდა იყოს ციხის საჭმელი... ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც რა... დაჩკებსაც ნორმალურად არ უშვებენ... სწორია ეს... უკვე ნერვები აღარ მაქვს . კაცი ყველაფერს გაუძლებს, მარა დამოკიდებულებაა, რა მიდგომაა... სპეციალურად აკეთებენ, ამდენი წელი ვემსახურე ამათ და რა მივიღე... ნორმალურად არც მივლიან.

ვ.ჯ. - თუ რამე პრობლემაა მითხარი და როგორც წესია ისე მოგხედავენ

მ.ს. - კაი რა... ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვებზე... კალანდიაზე უნდათ გასვლა. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ...ატყობ, რეებს აკეთებენ?!. იმ დონეზე არიან, რომ უკვე მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა. ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე... უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს სად იქნება. დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ. რა დღეში არიან ჩემები პროსტა შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ყავს... არც ჩემებს და არც არავის...

ვ.ჯ. -​ მოიცა, მოიცა... კარგად მომიყევი საიდან, რანაირად, რა ინფორმაციები გაქ? მგონი ეჭვები გამიჩნდა უკვე ამ საკანში მარტო რომ ხარ...

მ.ს. - არა... ზუსტად ვიცი, კი უნდათ ჩემი საბოლოოდ განადგურება , მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო ... ხო და ასე თუ გააგრძელეს მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს. ერთ რამეზე გეტყვი რა, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში ლამისაა გა.....ე...

ვ.ჯ. - არა ძმაო... არ არის მასე , შენ ეხლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები..

მ.ს. - რა არა?! სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის , ვინ იზამდა სხვა... და რა მივიღე?! სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა... გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე.

ვ.ჯ. - ეხლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა ... ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი.

მ.ს. -​ გავიგე მარა არ მიდის მასე საქმე .. ხო, წესით წელი კია არა, წესით ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი არ უნდა მომცეს, ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედა... ი საქმე... მე რომ არ ვყოფილიყავი ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ ... ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ სარალიძე აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან. ეს გა.....ი, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო . შენ ხო იცი რასაც ნიშნავს ძმაო, ეს...?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძეს თემა არაა მინელებული...რუსთაველის ამბები ჩემმამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი... არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა.... ....ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაც გა...... ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით... როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, ტყუილით აგიყირავეთ, მკიდია რა ... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგვერ საქმეებს მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ , ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან...

ვ.ჯ. -​ კაი ეხლა, რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ. რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავ რაღაცას...

მ.ს. - კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს ... სარალიძისას იჯერებს და...ხალხს ხომ გონია, რომ მაქვს. ხოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი რომ ვიტყუები და არ მაქვს. ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს ... გადამრიეს უკვე რა... ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე ... ჩემს ოჯახს და ბავშებს რას ერჩიან?! ეგრე არ არის ძმაო ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა ... ხოდა მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და რა ტყუილი...

ვ.ჯ. -​ ე, ბიჭო ეგრე არ გამოვა რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება...

მ.ს. - სხვა გზა დამოტოვეს?! გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს ამ დედა.....ა, სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამოიტანს აგერ ნახავ... ბოლომდე უნდათ ჩამძირონ...

ვ.ჯ. - კაი გაჩერდი ბიჭო...არ არის მასე, ცხელ გულზე ხარ და დამშვიდდი, დაიოკე ნერვები...

მ.ს. - ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალინ გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ , დამენგრა ოჯახი... დედა მომი...ს. პროსტა შინაურილად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თრემ ამას რომ არ ვიზამ შენც კარგად იცი... აქ რომ კაცი ჩაჯდება იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს... მაგრა დავიღალე ბო....ო ვიყო... მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში, ძმაკაცურად გეუბნები ამას თორე რო არ გავაკეთებ იცი შენც...

ვ.ჯ. - ხო და მეც გეუბნები, რომ დამშვიდდი, ვიცი რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ... უბრალოდ ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად...

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ჩანაწერს შეიცავდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის, ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მირზა სუბელიანი ცდილობდა ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოეხდინა ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.

XS
SM
MD
LG