„ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩანაწერები „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩნდება, ვისმენთ ნიკა გვარამიას ბოდვას. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რასაც პასუხის გაცემა სჭირდება” - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად უშვებს „ქართული ოცნება“ იმას, რომ ბრალდებულ მირზა სუბელიანს შესაძლოა, გარიგება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რაზეც გარკვეული მინიშნებები გაკეთდა პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე. ეკა ბესელიას თქმით, მირზა სუბელიანს პირადად არ იცნობს და ტელეეკრანის გარდა არსად უნახავს. ბესელიასთვის გაუგებარია გავრცელებულ აუდიოჩანაწერში რა კონტექსტში და რატომ ახსენა სუბელიანმა მისი სახელი. „უნდა გაირკვეს ყველაფერი. რასაც მირზა სუბელიანი ამბობს, კითხვას იწვევს - ეს ყველაფერი ახლა, არჩევნების წინ რატომ ხდება და ვის ინტერესებში შედის. არჩევნების წინა დღეებში მსგავსი მეთოდები გვახსოვს და ცუდ ასოციაციას იწვევს. ვინმეს, რომ არ დარჩეს განცდა, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.