Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონი საბანკო პროცედურების სრული დაცვით გაიცა


„სიცრუეზე დაფუძნებული ბრალდებები“, - ასე უწოდებს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში და განაცხადა, რომ ბანკიდან თანხა 4 მილიონი ლარის ოდენობით გენერალური დირექტორის პირადი დავალებით გაიცა:„წარმოუდგენელი იყო, რომ 24 საათის წინ დაფუძნებული კომპანიის ანგარიშიდან ბანკს ერთ სამუშაო დღეში გაეცა ამხელა თანხა, მაგრამ დაირღვა ყველა პროცედურა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო. ზეწოლა იყო გახარიასგან და ფარცხალაძისგან, რომ გაცემულიყო ფული. დაიბარეს ბანკის გენ. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, ბუცხრიკიძე და ხაზარაძე. იძულებითი ოპერაცია იყო, ვერ დაბლოკეს. „თიბისი ბანკს“ უნდა დაებლოკა. ეს იყო აბსოლუტურად ყველა პროცედურის დარღვევა: ის, რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო; ის, რომ ერთბაშად 4 მილიონი ნაღდი ფულით არ უნდა გაცემულიყო; ის, რომ დამფუძნებელი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი... ვინ არის, იქნებ ბინ ლადენია?! თანავუგრძნობ ბუცხრიკიძეს... ყველა ვერ გაუძლებს ზეწოლას გახარიასგან, ივანიშვილისგან“...

ზაზა ოქუაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა 8 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ „ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით“. მისი ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს: „ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, ასევე „თიბისი" ბანკის სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე. მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას. მაგრამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია“.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, კომპანია, რომელიც ზაზა ოქუაშვილის სიტყვებით, დაფუძნდა of-shore-ულ ზონაში, არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. იმავე დღეს არის გახსნილი საბანკო ანგარიში იუსტიციის სახლის ფილიალში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.

„რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე, ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად," - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ის ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს, ხოლო რაც შეეხება ოქუაშვილის განცხადებას, თანხის გატანამდე ლევან ყიფიანსა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შორის სატელეფონო კავშირის შესახებ, ბუცხრიკიძე ამასაც სიცრუეს უწოდებს: "პირადად მე არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის მე გავიცანი, როგორც ბიზნესომბუდსმენი. ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, მისგან განსხვავებით, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნეს შეხვედრების და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის“.

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა მას 4 მილიონი. მისი თქმით, მისგან 4 მილიონის წინასწარ გადახდას ითხოვდნენ ე. წ. სამართლიანობის აღდგენისა და 2004-2005 წლებში განცდილი ზარალისთვის 25 მილიონის კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ, რაშიც დახმარებას და კონსულტაციებს უწევდა სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. სწორედ ლევან ყიფიანთან ერთად შეხვდა ზაზა ოქუაშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. ოქუაშვილის თქმით, შეხვედრა, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რჩევით, ფარცხალაძის ბინაში შედგა.

XS
SM
MD
LG