Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვეს


ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საპრიზო სამეულში მოხვედრა ბოლო ტურში გაინაღდა.
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საპრიზო სამეულში მოხვედრა ბოლო ტურში გაინაღდა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, საპრიზო სამეულში მოხვედრა ბოლო ტურში გაინაღდა. 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში გამართულ პრესტიჟულ გუნდურ შეჯიბრებაზე ქართველმა ქალებმა დასკვნით შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს აჯობეს ანგარიშით 3:1 და ოლიმპიადა 17 ქულით დაასრულეს. თავიანთი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მეტოქეებთან ქულა გაიყვეს.

ქალთა შორის ოლიმპიურ ოქროს ჩინეთის ნაკრები დაეუფლა 18 ქულით. ამდენივე დააგროვა უკრაინის ნაკრებმაც, რომელიც ჩინეთს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. საქართველოს მეორე გუნდი 16 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ნაკრები - 13 ქულით 41-ე ადგილზე.

მამაკაცთა შორისაც საქართველოს სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პირველმა ნაკრებმა 11 ტურში 14 ქულა მოაგროვა და 28-ე პოზიციას დასჯერდა, მეორე და მესამე გუნდებმა 13-13 ქულა აიღეს და დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით 43-ე და 51-ე ადგილებზე გავიდნენ.

ოქროს მედალი მამაკაცებშიც ჩინეთის ნაკრებმა მოიპოვა, 18 ქულით. ასევე ამდენივე აიღეს და მეორე-მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა.

XS
SM
MD
LG