Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური უარყოფს ვანო მერაბიშვილის მოწამვლას


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.“

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, „მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.“ ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები, მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია.“

რაც შეეხება დიაგნოზს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით,“ მიზანშეწონილად მიიჩნია დიაგნოზის გასაჯაროება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი.“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა 23 სექტემბერს არ გამორიცხა, რომ ბოლო ხანს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შესაძლოა, მოწამვლა იყოს.

XS
SM
MD
LG