Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომაც


აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატების სარჩელი წინა ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების შესახებ და ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა. თავად აფგან მუხთარლი სასამართლოს სხდომას არ დასწრებია. აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვა დასრულებულია და ადვოკატებს აძლევს საშუალებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრონ ამჯერად უკვე სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. 2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი აპრილში უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების გამო, 2017 წლის 20 ივლისს, თანამდებობები დატოვეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ კუპრაშვილმა. იმავე დღეს შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით 30 მაისს აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადასცა მთავარ პროკურატურას. გამოძიება ამ დრომდე დაუსრულებელია.

აფგან მუხთარლის ქართველმა და აზერბაიჯანელმა ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს პირველად 2018 წლის ივნისში მიმართეს, რათა ჟურნალისტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გამოყენებული ყოფილიყო დროებითი ზომა პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს, ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა.

XS
SM
MD
LG