Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კანაფის ექსპორტის განზრახვაში ვიწრო ჯგუფის ინტერესს ხედავს


რუსუდან გოცირიძე
რუსუდან გოცირიძე

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სკეპტიკურადაა განწყობილი ხელისუფლების განცხადებისადმი, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-ექსპორტის დაკანონების შემთხვევაში, ეს სფერო მკაცრად გაკონტროლდება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსუდან გიცირიძემ განაცხადა, რომ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მხარს უჭერს საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და როცა პროცესი დაიწყო, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს სახელმწიფო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ყურს უგდებს.

„თუმცა, იმ ყველაფერმა, რაც ამას შემდგომ მოჰყვა, ცოტა არ იყოს, დამტოვა გაოცებული და იმედგაცრუებული იმის გამო, რომ იგივე ხელისუფლება, რომლისთვისაც რამდენიმე თვის წინ გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ მარიხუანა ქვეყნის ტრაგედია არ არის, დღეს იქით გველაპარაკება, რომ თურმე არის ძალიან მომგებიანი, ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ქართული კულინარიის და სამზარეულოს განუყრელი ელემენტი და ა.შ.” – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ. ეპისკოპოსის თქმით, დღეს აქვს იმის განცდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა იყო თამაში და დიდი ბიზნესგეგმის ნაწილი, ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად.

“ის პირობა, რასაც სახელმწიფო იძლევა, რომ მკაცრად გაკონტროლდება მარიხუანის მოყვანა, დაფასოება, დამზადება და მერე მისგან მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტის ფორმით გამზადდება საექსპორტოდ, იმას თუ მივადევნებთ თვალს, რის გაკონტროლებას ახერხებს სახელმწიფო ამ მიმართულებით და რა პირობასაც იძლევა რამდენად ასრულებს, მე სკეპტიკურად ვუყურებ რამდენად მოხერხდება ამ პასუხისმგებლობის შესრულება სახელმწიფოს მხრიდან” - თქვა გოცირიძემ. მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა არა მარიხუანა, არამედ ის, „როდესაც არავის ანაღვლებს ხალხი და მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ბიზნესინტერესებისთვის შეიძლება შეიცვალოს სერიოზული რაღაცები.“

XS
SM
MD
LG