საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, აუცილებელია ავთენტურობის დასადგენად ქსპერტიზა ჩაუტარდეს ბოლო ხანს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომლებსაც სავარაუდოდ, კავშირი აქვთ „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან.“
„ყოველდღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია, რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნეს სექტორში. რასაც ვუყურებ ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და არის თუ არა რაიმე პროგრესი“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, რასაც ვუყურებთ ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით და ამას პასუხების გაცემა სჭირდება.
ბოლო დღეებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა რამდენიმე ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ფიგურირებენ „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი. ამ ჩანაწერების თანახმად, მოხსენიებულნი არიან ბიძინა ივანიშვილი, მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საუბარია „ომეგა ჯგუფის“ საგადასახადო დავალიანების პრობლემის მოგვარებაზე რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, „იბერიის“ სავარაუდო დათმობაზე და „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზე.
17 სექტემბერს, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ მისი სახელი „რუსთავი 2“-მა გაუგებარი პოლიტიკური ქვეტექსტებით დაუკავშირა „ომეგა ჯგუფს“ და „იბერიას.“ ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა, საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია “იბერია” და საუბარი შეეხებოდა თამბაქოს ქართულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას. „კერძოდ, თამბაქოს იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო თამბაქოს ქართულ წარმოებას შეექმნა რეალური გაჩერების საფრთხე და გამოსავლის ძებნაში, შეხვედრაზე მოთელილ იქნა “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა. ეს ერთ-ერთი გზა იყო ქართული წარმოების გადარჩენისა და ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ამავე მიზნით, მთავრობასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები. შეხვედრაზე არ გვისაუბრია არც ფონდებზე, არც კულუარულ გარიგებებზე და არც პოლიტიკაზე, მით უფრო ტელეკომპანია “იბერიაზე”. მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ და იდეაზე მუშაობა არ გაგრძელებულა“ - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.
გავრცელებულ ჩანაწერს აუდიო მონტაჟი უწოდა “თბილისის თამბაქოს” აქციონერმა ირაკლი ჩუბინიშვილმა. მან 17 სექტემბერს, ლონდონიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 2016-2017 წლებში სიგარეტის იმპორტიორების დემპინგ კამპანიამ ქართველი მწარმოებლები გაკოტრების პირას მიიყვანა და შესაბამისად საუბარი იყო „ომეგას" და „თბილისის თამბაქოს“ გაერთიანებაზე „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობით და ამ საუბრებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ორი კომპანიის წარმომადგენლები. „ამ საკითხით მანიპულირება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით თამაში პოლიტიკური დივიდენდების მიღების ან ვიღაცის მსხვერპლად წარმოჩენის მიზნით სასაცილო და არასერიოზულია. “ომეგა” ჯგუფი მუდმივად გვთავაზობს სხადასხვა ბიზნესინიციატივებს. სულ უკანასკნელად, ამა წლის 14 სექტემბერს მივიღეთ მსგავსი შეთავაზება. ახლა უკვე ძნელი სათქმელია, მათ საქმის ინტერესი, თუ მდაბიო პროვოკაციების მოწყობის სურვილი ამოძრავებთ“ - ნათქვამია ჩუბინიშვილის განცხადებაში. 11 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა უჩა მამაცაშვილმაც, რომელმაც პროკურატურას გამოძიების დასაწყებად მიმართა. 12 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩანაწერების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მუხლით. 17 სექტემბერს, თბილისის პროკურატურაში გამოკითხეს ლევან ყიფიანი. "ის, რაც ხდება, არის აბსოლუტური ბოდვა და ვემიჯნები. ეს ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია, რაშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ. მსგავსი არაფერი ყოფილა, ყველაფერი არის გამოგონილი. ტყუილია” - განუცხადა ჟურნალისტებს ყიფიანმა.