მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 11 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.
27 აგვისტოს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა. ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თანახმად, დაცვის მხარე სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე მალხაზ კობაურის გათავისუფლებას მოითხოვდა.
თავის მხრივ, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორმა, არჩილ ბედუკაძე განაცხადა: “ის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს პირველივე სხდომაზე შეეფარდა პატიმრობა, ყველა ძალაშია, პირიქით, სხვა საფრთხეებიც მომატებულია სხვადასხვა მტკიცებულებიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და პატიმრობის შესახებ აღმკვეთი ღონისძიება დატოვა ძალაში. ეს საფრთხეებია - მიმალვის საფრთხე, სხვა დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ა.შ."
ტრაგედია ხადას ხეობაში 4 ივლისს დატრიალდა. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრუწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მალხაზ კობაურს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.