დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, 18 აგვისტოს, ბათუმელები ხელმოწერებს აგროვებდნენ, ძველი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. ხელმოწერები ცესკოში წარსადგენად არის საჭირო. შეკრებილებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც ბათუმის მერის არჩევნებში მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს. „ვსეირნობდი აგერ... სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ხელს ვაწერ, რომ ვარ თანახმა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ხელმომწერმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბათუმი და ბათუმელები მას გულთბილად შეხვდნენ; ხოლო ხელმოწერების კამპანია, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, წარმატებით მიმდინარეობს. „მე ჯერ საარჩევნო კამპანიის ისეთ ფორმატში არ ვარ, რომ გავმართო დიდი თავყრილობები, მიტინგები და ა.შ. ეს არის პირველი გასეირნება სხვადასხვა რეგიონში, რათა დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც აგროვებენ ჩემთვის ხელმოწერებს და საკმაოდ კარგად მიდის ეს ხელმოწერების კამპანია. დღეს ბათუმში ვარ, გუშინ იმერეთში ვიყავი და ხვალ კახეთში მივდივარ. ვიქნებით სიღნაღში და ასე ვაგრძელებთ ყოველდღიურად. ვიქნებით სხვადასხვა ქალაქებში, რომ შევხვდეთ მოუმზადებლად იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სიმპატია და სურვილი, რომ მხარი დამიჭირონ ამ ეტაპზე. ეს ჯერ არ არის ხმის მოცემა, ეს არის მხოლოდ მხარდაჭერა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, რომ მას შეეძლოს მონაწილეობა ამ არჩევნებში“ - განაცხადა ბათუმში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა.