თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ყველა ზომას მიმართავს, რათა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის მიუხედავდ უზრუნველყოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა. ცენტრალური ბანკის განმარტებით, მზად არის თავისი რეზერვებიდან უზრუნველყოს კერძო საფინანსო ინსტიტუტების ლიკვიდურობა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მისცა შესაძლებლობა სავალუტო კრედიტები აიღონ ერთი თვის ვადით და საბანკო გარანტიის ლიმიტი გაზარდა 7 მილიარდიდან 20 მილიარდ ევრომდე. თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაკის განცხადება, რომ ინვესტორებს დღესვე წარუდგენენ ლირის გადარჩენის გეგმას. ალბაირაკმა, რომელიც პრეზიდენტ ერდოანის სიძეა, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას შეტევა უწოდა. დღეს დილის მონაცემებით, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით კიდევ 8%-ით გაუფასურდა და 7 ლირა შეადგინა. 10 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა თურქეთიდან ალუმინის იმპორტის გადასახადი გააორმაგა, დღის განმავლობაში ლირა გაუფასურდა დაახლოებით 16%-ით და 2001 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
ყველაზე პოპულარული
1