დევნილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატოვებული სახლები ისე ენატრებათ, როგორც ოჯახის წევრი. სახლთან განშორება, სახლის მიტოვება დღესაც მთელი სიმძაფრით ახსოვთ. მიტოვებულ სახლებში, რომლებიც გადაწვას და განადგურებას გადაურჩა, ახლა სხვები ცხოვრობენ. ზოგი პირდაპირ შეიჭრა, ზოგს კი, ძველ პატრონთან მოლაპარაკება და ყიდვა ურჩევნია, რადგან ასე უფრო დაცულად გრძნობს თავს. ბოლო დროს სოხუმში განახლდა ლაპარაკი დევნილთა კუთვნილი უძრავი ქონების “ნაციონალიზაციაზე“, რათა შემდეგ უბინაოთა მზარდი ინტერესი დააკმაყოფილოს დე ფაქტო მთავრობამ. სოხუმში ამბობენ, რომ თუკი კანონიერად გადანაწილდება ქართველების დანატოვარი, აფხაზეთში ეს ქონება კიდევ მრავალ თაობას ეყოფა. თბილისში კი დევნილთა საკუთრების აღრიცხვის 2006 წელს დაწყებული პროცესი ისევ გრძელდება და მონაცემები დაიტანება ელექტრონულ რუკაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ წართმეული თუ განადგურებული ყველა სახლისა თუ მიწის ნაკვეთის ზუსტი მისამართის მითითებით. წინა წლებში შევსებულ 67 ათას დეკლარაციას წლის ბოლომდე, ახალი პროექტის ფარგლებში, სავარაუდოდ, კიდევ 10 ათასი დეკლარაცია შეემატება, აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგული საკუთრების აღრიცხვის მიზნით. ინფორმაცია შეინახება ციფრულ ფორმატში. სამისამართო მეურნეობა პირვანდელი სახით აღდგება, როგორც ეს ოკუპაციამდე იყო.
სოხუმის ფერადი სანაპირო თბილისურ აივანზე
სოხუმში, ტურბაზის უბანში, ქლუხორის ქუჩაზე, 26 ნომერში, გურამ ოდიშარიას ბინაში აფხაზი კაცი ცხოვრობს, გუდაუთელი. როცა ბინაში შესულა, უკითხავს: პატრონები როგორი ადამიანები იყვნენო? აფხაზ მეზობლებს უამბიათ: ბევრი სიკეთე გვახსოვს, ომის დროს გვეხმარებოდნენო და მერე იმ კაცს უთქვამს, თუ ასეა, მაშინ გადაეცით, რომ დროებით ვიკავებ მათ ბინასო. გურამ ოდიშარიამ არ იცის, როდის მოვა ეს დრო, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ის ერთ დღეს დიდი სიხარულით დაბრუნდებოდა თავის სახლში, ოღონდ ომისა და ვინმეს შევიწროების გარეშე. და მერე იქნებ ლექსების წერაც თავიდან დაეწყო, სოხუმის დაკარგვის შემდეგ რომ აღარ დაუწერია. მამისეულ სახლშიც, გულითა და სულით აშენებულ სახლშიც, ომის მერე აფხაზების ოჯახი ცხოვრობს. თავს იმართლებენ, თურმე, სახლი რომ არ დაგვწვოდა, სხვის სახლში არ შევიდოდითო. ოდიშარიების გულის ნაწილი მამისეულ სახლშიც დარჩა.
მწერალი დაბრუნდებოდა საცხოვრებლად ქალაქში - ძალიან ლურჯ ზღვასთან და, როგორც თავად ამბობს, ფერად-ფერადი კაბებით მორთულ სანაპიროსთან ძალიან ახლოს. ამ ყველაფერს ახლა მისი თბილისის ბინის აივანი წააგავს - თავისი ქვებით, თევზებით, სამაშველო რგოლით. ეს არის სოხუმის მიკროსამყარო და სწორედ ამ აივანზე ინახება სოხუმის სახლის ჟანგმოკიდებული გასაღები - გაჩერებული საათის კიდეზე ჩამოკიდული თილისმასავით. მას ზუსტად ახსოვს, როგორ ჩაკეტა სახლი უკანასკნელად - თავის დაბადების დღეს, 1993 წლის 24 სექტემბერს. მაშინ ვერავინ დააჯერებდა, რომ საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა ცოლ-შვილთან ერთად. ეს რომ სცოდნოდა, სახლში არ დატოვებდა ყველაზე ძვირფასს - ფოტოალბომებსა და საოჯახო კინოაპარატის ძვირფას ჩანაწერებს. ბინის საკუთრების დამადასტურებელ საბუთებსაც წამოიღებდა, სოხუმის დაკარგვა ერთი წუთით მაინც რომ წარმოედგინა.
1993 წლის შემდეგ მწერალი სოხუმში კიდევ ექვსჯერ ჩავიდა და თვალი, ცხადია, თავის ბინასაც შეავლო, მაგრამ თითქოს მითხრაო ჩემმა სახლმა: რა ვქნა, ბოდიში, ახლა აქ სხვები ცხოვრობენო. „წელს არის 25-ე წლისთავი სოხუმის დაკარგვიდან. ამ 25 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაიბადა იქ. შეიძლება ჩემს სახლშიც დაიბადა ვიღაც. იმ დროს დაბადებული გოგო ან ბიჭი უკვე 25 წლის არის. უკვე მასაც თავისი მეხსიერება აკავშირებს იმ სახლთან. ის სახლი მისთვისაც მშობლიური გახდებოდა, როგორც ჩემთვის იყო ადრე. ასე ვთქვათ, მე და ის ერთ სახლში ვიზრდებოდით“, - გურამ ოდიშარია იმ სხვათა გრძნობების გაფრთხილებასაც ცდილობს.
ბავშვობის სახლის ნახვა სიმშვიდისთვის
სოხუმი, კარლ მარქსის 12, ცოცხალი სახლი. 4 წლის ანუნა ბუკია 39-ე ბინაში, თავის ტყუპ ძმებთან ერთად, სიყვარულით სავსე ბავშვობით ტკბება. მერე საიდანღაც მოვა ომი, კარზე უხეშად დააბრახუნებს და დიდ ოჯახს სოხუმიდან შორს წასვლას მოსთხოვს. ბავშვობის ბინაში აფხაზები დასახლდებიან. მას შემდეგ ანუნას საკუთარ თავში ძალიან მძიმე აზრების დალაგება მოუწევს, ერთ მტკიცე დასკვნას გამოიტანს - „რუსეთი ოკუპანტიაო“, და ცხოვრებას გააგრძელებს, ისწავლის, მუშაობას დაიწყებს, ბევრს მიაღწევს და ერთ დღეს, 23 წლის შემდეგ, ძალიან, ძალიან მოუნდება სოხუმის ნახვა: „ჩავედი, ვნახე ჩემი სახლი პირადი სიმშვიდისთვის და მას შემდეგ უფრო დავძლიე სიმძიმე“. პირველად რომ დაინახა, სახლიც უფრო პატარა მოეჩვენა, ქუჩებიც უფრო ვიწრო და მოკლე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის არისო.
„მე გადავცურე ენგური“ რეჟისორ ანუნა ბუკიას ფილმია - ლამაზი წარსულისა და მძიმე აწმყოს ფილმი. მუშაობის პროცესში რეჟისორი მეორედაც ჩავიდა ბავშვობის ქალაქში, თავის მეგობარ ნატა თოდუასთან ერთად და ფილმში ეს ეპიზოდებიც მოხვდა. მეორედ ჩასვლის შეკითხვა ასეთი იყოო: „ვინ ვარ მე?“ - ახლაც უნდა, რომ სოხუმში დაბრუნდეს და იქ იცხოვროს, მაგრამ არა ისე, რომ ამით ვიღაცა შეავიწროოს. „ძალიან კონკრეტული ფიქრი მაქვს: როდის ვინ ცხოვრობდა და რამდენთან უნდა მოაგვარო საქმე, რომ იმათ არ ეტკინოთ ან არ ეწყინოთ იმ სახლიდან წასვლა“.
სოხუმის ბინის საკუთრების დამადასტურებელ საბუთებს ჯერ ისევ ბებია ინახავს. ანუნა კი ამბობს, რომ რაც დრო გადის და თაობები მიდიან, ეს საბუთები მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს. სოხუმში მოუსმენია, აფხაზები უღირს საქმედ მიიჩნევენ დევნილთა სახლებში თვითნებურ შეჭრას და ლაპარაკში რამდენჯერმეც შეიძლება გაგიმეორონ, რომ ის და მისი ნათესავები არავის სახლში არ შეჭრილან. თანაც თვითნებურად დაკავებული ბინების ფასი შედარებით დაბალია, შესაძლებელია იმიტომ, რომ ეშინიათ, ერთ დღეს არ დაკარგონ. ურჩევნიათ, რომ ქართველებს დაუკავშირდნენ და იყიდონ.
რომ გაეყიდა, მამა შემძულდებოდა
ახალგორში, ერისთავების ქუჩაზე, ნინია ყოჩიშვილის სახლი გამოკეტილია. 13 წლის იყო, ბოლოს რომ ნახა. აგვისტოს ომის შემდეგ იქ მარტო მამა ახერხებდა შესვლას, მაგრამ ოკუპირებული ახალგორი იმდენად შეცვლილია, რომ მამასაც გული აუცრუვდა. ბავშვობის სახლი დიდი იყო, მაღალი ჭერით, დიდი ნათელი ფანჯრებით. ნინიას ზუსტად ახსოვს, როგორ მოინდომებდა ხოლმე ამ ფანჯრების ვითომ გაწმენდას, ფანჯრის რაფაზე აძრომის უფლება რომ მიეცათ და როგორ იდგა ხოლმე შეშინებული პაპა მის ზურგს უკან, საშველად მომზადებული. მაგიდის ქვეშ დამალვა, კიბეების სახელურზე სრიალი, ბაღში სირბილი და კიდევ ბევრი მოგონება დარჩა ოკუპირებულ ახალგორში.
„ახალგორი დაცარიელებულია, რუსული წარწერებით. სახლები ინგრევა, ზოგი სახლი თავიდანვე ოსებმა დაიკავეს... ყველაფერი იცვლება და ამ ცვლილებებმა ისეთი სტრესი მიაღებინა მამას, რომ კარგა ხანს ვეღარ შედიოდა და მერე ერთხელაც შევიდა, წამლების დიდი პარკით“ - გვიყვება ნინია ყოჩიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, რომელიც, უკვე ათი წელია, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. როცა საქართველო გამთლიანდება, ახალგორში დაბრუნება და იქ ბევრი რამის შეცვლა უნდა. სჯერა, რომ მას ისევ მიიღებს სახლი, რომელიც ახლა გამოკეტილია, ეს სახლი ეიმედება და ამიტომ გაყიდვის გაფიქრებაც არ უნდა.
მამას შესთავაზეს, მოგვყიდეო, - თვალებზე ცრემლი ადგება ნინიას. და რა მოხდებოდა, მამას გაყიდვაზე თანხმობა რომ ეთქვა? ნინია ძალიან, ძალიან გაბრაზდებოდა, ისე ძალიან გაბრაზდებოდა, რომ შეიძლება მამაც შესძულებოდა. მეტიც, მთელმა ოჯახმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ სახლიდან არაფერი წამოეღოთ და იქ ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინათ.
დაკარგული საკუთრება ერთიან ელექტრონულ რუკაზე
2006 წელს დაწყებული საპრეზიდენტო პროგრამის „ჩემი სახლი“ ფარგლებში 67 ათასი ქონებრივი დეკლარაცია შეივსო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები დევნილთა სამინისტროში, უამრავ საქაღალდეში ინახებოდა. ახალი პროექტის მიხედვით კი, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე, უკვე არსებულს კიდევ 10 ათასი დეკლარაცია შეემატება. ახლა უკვე დეკლარაციების შევსება ციფრული წესით ხდება.
როგორც დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია განმარტავს, ამოქმედდა ახალი პროექტი 2008 წლის ომის შედეგად დაკარგული საკუთრების რეგისტრაციისთვის, მაგრამ პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეუძლიათ მიმართონ 1990-იანი წლების დევნილებმაც, რომლებსაც ჯერ არ შეუვსიათ დეკლარაციები. ყოველივე ეს შეეხებათ ასევე არადევნილ პირებსაც, რომლებსაც დარჩათ ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„სამინისტროს კომპეტენტური სამსახური ახდენს დეკლარირებული უძრავი ქონების იდენტიფიცირებას, დაინტერესებული პირის მიერ შევსებული დეკლარაციისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, უძრავი ქონების წინასწარ საკადასტრო მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და განახლებას, შევსებული დეკლარაციების მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ელექტრონული (სკანირებული) ვერსიის შექმნას“ - წერია საქართველოს მთავრობის 6 აგვისტოს დადგენილებაში. აქვე ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მურად აბლოთიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატოვებული, წართმეული ქონება (ბინები, სახლები თუ მიწის ნაკვეთები) პირვანდელი მისამართებით გეოსაინფორმაციო სისტემაში დამუშავდება, დაიტანება საქართველოს ელექტრონულ რუკაზე და ამით აღდგება სამისამართე მეურნეობა პირვანდელი სახით, როგორც ეს ოკუპაციამდე იყო. საჯარო რეესტრის სისტემაში ჩართვა კი საშუალებას მისცემს ყველა მფლობელს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს საკუთრების დამადასტურებელი საბუთი და ამით დაცული იქნება მემკვიდრეობითობის პრინციპიც. თამაშგარე მდგომარეობაში არც ისინი დარჩებიან, ვისაც საბუთები არა აქვს. აბლოთიას თქმით, ცხინვალის რეგიონისა თუ აფხაზეთის შესაბამისი დევნილი უწყებები ფლობენ შესაბამის ბაზებს და მათ საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი ცნობების გაცემაც შეუძლიათ.