Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გვენეტაძე გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან


ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე

თანამდებობა დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ. სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნინო გვენეტაძე მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მოითხოვს „რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.“ ნინო გვენეტაძე ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც.

საჯარო განცხადებაში ნინო გვენეტაძე ჩამოთვლის რეფორმებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში. მათ შორის გვენეტაძე ასახელებს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილებას და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას, პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას და საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, და ნაყოფიერს უწოდებს არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წლის 20 მარტიდან ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG