Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ადამიანი დაშავდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

5 ადამიანი დაშავდა 23 ივლისს, დილით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ყველა მათგანი ამავე ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მორიგე ექიმის ინგა ბაკურაძის თქმით, ორი ადამიანი უკვე გაწერეს. დანარჩენები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

"მათ აღენიშნებათ ტვინის შერყევა და კისრის მსუბუქი დაზიანება", - თქვა ექიმმა ინგა ბაკურაძემ.

მისივე ცნობით, სამივე პაციენტს, სავარაუდოდ, 24 ივლისს გაწერენ.

ერთ-ერთმა დაშავებულმა, გიორგიმ, რომელსაც საავადმყოფოს ეზოში შევხვდით და უკვე გაწერეს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯართს, რომლის გადადნობაც დაიწყეს, სავარაუდოდ "რაღაც შეჰყვა".

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ შორს მომისროლა და კედელს მიმანარცხა, ყველანი ასე დავშავდით - ხუთივე აფეთქების ტალღამ გადაგვაგდო", - თქვა გიორგიმ, რომელმაც გვარის დასახელება არ ისურვა. ის წელისა და კისრის არეში ტკივილს გრძნობს, დაუნიშნეს მკურნალობა.

ქარხნის ადმინისტრაცია მომხდარ ფაქტზე ჯერჯერობით დუმს.

XS
SM
MD
LG