Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი პოლიციაში გადაიყვანეს


რუსთავის პოლიციის ქვეგანყოფილება
რუსთავის პოლიციის ქვეგანყოფილება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველო“ რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი, 19 წლის გონჩარ აკოფიანი გადაიყვანეს რუსთავის პოლიციის ქვეგანყოფილებაში, იმ ორ მომჩივანთან ერთად, რომლებმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალი გარყვნილ ქმედებებსა და სხვა საეჭვო მოქმედებებში დაადანაშაულეს.

გონჩარ აკოფიანი და მომჩივნები ახლაც 21-ე მიკრორაიონში მდებარე პოლიციის ქვეგანყოფილებაში იმყოფებიან, სადაც რადიო თავისუფლებას არცერთთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. აკოფიანს ჩამოართვეს ტელეფონი, რომელმაც მანამდე იმავე ტელეფონით, რადიო თავისუფლებას თავისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება საქართველოს“ თავმჯდომარემ რუსტამ მაილოვმა, რომელმაც ამ ინციდენტის გამო, ბორჯომში მიმდინარე კონფერენცია მიატოვა, რადიო თავისუფლებას ტელეფონით განუმარტა, რომ მათი ორგანიზაცია შექმნილია 2012 წელს:

„ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის,სპორტულ ღონისძიებებს, ვიქტორინებს, ინტელექტუალურ თამაშებს. ვაწყობთ ზაფხულის თუ ზამთრის ბანაკებს, ანუ, ერთგვარ სკაუტურ აქტივობებს“, - ამბობს რუსტამ მაილოვი. მისი თქმით, დაარსებიდან ამ ხუთ წელიწადში სამასამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა მათ ღონისძიებებში:

„ჩვენი წევრები არიან 13-დან 20 წლამდე ასაკის. ჩვენ გვყავს პარტნიორები როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში, აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს ასოციაციასთან. გვაფინანსებენ საერთაშორისო ფონდები. ვახორციელებთ სოციალური მიმართულების პროექტებსაც. კლუბები გვაქვს გახსნილი რუსთავსა და ბორჯომში... კლუბის გახსნის დღიდან გამოჩნდა რამდენიმე პირი, რომლებსაც არ მოსწონს ჩვენი საქმიანობა, ავრცელებენ ცილისწამებას და ცრუ ინფორმაციებს. მათ არ იციან ჩვენი საქმიანობის შესახებ. ფიქრობენ, რომ რაღაც სექტა ვართ“.

რუსტამ მაილოვის თქმით, მათი ორგანიზაცია ორშაბათს აუცილებლად მიმართავს სახალხო დამცველს და სხვა ორგანიზაციებს, რათა შეწყდეს მათ წინააღმდეგ ცილისწამება. ორგანიზაცია, ასევე მოითხოვს „ცილისმწამებლებმა“ დაამტკიცონ მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები.

XS
SM
MD
LG