Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარების ნაწილი უკმაყოფილოა ბელორუსიის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკით


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო

ევროპარლამენტის 35-მა დეპუტატმა გააკრიტიკა ბელორუსიის მიმართ ევროკავშირის ხელმძღვანელების პოზიცია. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს. წერილში შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ევროკავშირისა და ბელორუსიის ურთიერთობებში სულ უფრო მეტად დომინირებულია სავაჭრო-ეკონომიკური და დახმარების საკითხები. წერილის ხელმომწერი ევროპარლამენტარები დარწმუნებულნი არიან, რომ ბელორუსიასთან ევროკავშირის ურთიერთობები უპირველეს ყოვლისა, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ბელორუსიაში 2010 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დემონსტრანტების დარბევის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ოთხ კომპანიას და 174 ფიზიკურ პირს, მათ შორის პრეზიდენტ ალქსანდრ ლუკაშენკოს. 2016 წელს, ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივით, ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა ლუკაშენკოს და სხვა პირებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს მისცა მინსკთან თანამშრომლობის გაფართოების უფლება. ევროკავშირის ხელმძღვანელებისთვის 21 მარტს გაგზავნილ წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ბრიუსელის მიერ გამოჩენილი კეთილი ნების მიუხედავად, ბელორუსიაში არ შეინიშნება საგრძნობი პროგრესი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სფეროში. ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებით, ბელორუსიის ხელისუფლებას ჰყავს პოლიტპატიმრები, მიხაილ ჟემჩუჟნი და დმიტრი პოლიენკო, ადრე გათავისუფლებულ პოლიტპატიმართაგან კი არცერთის რეაბილიტაცია არ მომხდარა. ევროპარლამენტის წევრები ხაზს უსვამენ ბელორუსიაში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების დევნის ფაქტებსაც.

XS
SM
MD
LG